უკრაინას სჭირდება სამი გამარჯვება პარტნიორებისგან უსაფრთხოებისა და თავდაცვითი დახმარების მიღების საკითხში - პოზიტიური გადაწყვეტილება აშშ-ის კონგრესისგან დამატებითი სახსრების გამოყოფის შესახებ. ევროკავშირის მიერ 50 მილიარდი ევროს პაკეტის უზრუნველყოფა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ღია დიალოგის დაწყება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში, ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტ ედგარს რინკევიჩსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის პარტნიორებმა იციან, რომ რუსეთის ფედერაცია მაქსიმალურად იყენებს ესკალაციას ახლო აღმოსავლეთში, რათა საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს უკრაინის დახმარებიდან, ამიტომ ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ეს არ მოხდეს.
ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება ასევე აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ქვეყნის საერთაშორისო მხარდაჭერა არ შემცირდეს. კერძოდ, მისი თქმით, მიმდინარეობს მუშაობა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან, კონგრესში ორივე პარტიასთან, ასევე ევროკავშირთან.
„ჩვენ გვჭირდება სამი გამარჯვება. პირველი არის აშშ-ის კონგრესი. ეს არის გამოწვევა. ეს არ არის ადვილი. ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ უკრაინამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რაც მასზეა დამოკიდებული და კიდევ უფრო მეტი, რათა ეს დახმარება იყოს ხელმისაწვდომი. მე მჯერა, რომ ეს იქნება. მეორე არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მხარდაჭერა, რათა 50 მილიარდი ევროს პაკეტი მივიღოთ. დღეს ევროკავშირში ყველა არ არის მზად ამ პაკეტის მხარდასაჭერად, მაგრამ ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველა მხარს დაუჭერს ამ პაკეტს. მესამე არის ღია დიალოგი ევროკავშირში ჩვენი სამომავლო გაწევრიანების შესახებ. ეს არის ჩვენთვის მოტივაციური ნაბიჯი," - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.